პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი რიგგარეშე სესიის 12 ივლისის პლენარულ სხდომაზე საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით, ერთხმად მიიღო.
კანონპროექტი არეგულირებს შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღების გარეშე ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხს. მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელი იყო მშენებლობის შემდეგ, დასრულებული შენობის ექსპლოატაციაში მიღება, თუ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას გამოვლინდებოდა გარკვეული დარღვევები.
ცვლილებებით ასევე განისაზღვრება თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლოატაციაში მიღების დროებითი წესი.
ცვლილებები ობიექტის მესაკუთრეებს კუთვნილი ფართის თავისი შეხედულებით, დადგენილი წესის დაცვით, გამოყენების საშუალებას მისცემს.
ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ მშენებლობებს, რომელთა ნებართვა 2020 წლის 18 აგვისტომდეა გაცემული.
კანონპროექტი პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ბექა დავითულიანის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი ზარქუას, ანა ბუჩუკურის, მიხეილ დაუშვილის, ბექა ლილუაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.