ნუ გაყიდით ამ ამბავს წინასწარ ისე, თითქოს ეს ადამიანი მოკლა ან კერძო პირმა, ან მით
უმეტეს, „მთავრობა მკვლელიას" ძახილი არის სირცხვილი. არავინ აქ მკვლელი არ არის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართლ ბრიფინგზე განუცხადა.
ვიცე-პრემიერმა მედიის წარმომადგენლებს მიმართა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით დაელოდონ ექსპერტიზის შედეგებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჩვენა კადრები, ეს კადრები ნახა საზოგადოებამ და როდესაც თქვენ, მედიასაშუალებებმა აწიეთ პანიკა, რომ ეს კაცი თურმე მოკლა მთავრობამ, რა თქმა უნდა, მთავრობას აქვს პასუხის უფლება. მე ველოდები ექსპერტიზის დასკვნას და ვუსმენდი და ველოდებოდი კლინიკის დირექტორის ბრიფინგს, რომელიც ამბობს, რომ სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, პაციენტს გასვლის წინ ჩაუტარდა ტომოგრაფია, რომელმაც არაფერი აჩვენა ისეთი, რაც მიუთითებდა, რომ პაციენტის შინ გაშვება არ შეიძლებოდა. ამის შემდეგ, თუ არ ვცდები, ის ეთერშიც იყო თუ თქვენთან ურთიერთობდა, ნანახიც გყავთ კლინიკიდან გამოშვების შემდეგ. როდესაც არ ვიცით, ნუ ვიჩქარებთ ხოლმე დასკვნებს.
ზოგიერთი ტელევიზია გუშინ მთელი დღე ამ ამბავს ასაღებდით ისე, თითქოს მთავრობის წევრებმა ეს ოპერატორი მოკლეს, ეს სირცხვილია. თქვენ ამას ასაღებდით, თითქოს ეს ოპერატორი მოკლა ილია მეორემ, ეს არის ერის სირცხვილი. დავსერიოზულდეთ, ახლა სიმშვიდის დროა, დაველოდოთ ექსპერტიზის შედეგებს, პირველადს და საბოლოოს, გამოძიებას და შევწყვიტოთ პროვოკაციებში მონაწილეობა ყველამ ერთად. ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა ყველამ ისე, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები საკუთარი პოლიტიკური და ბინძური მიზნებისთვის გამოყენება ამ ქვეყანაში შეწყდეს. ასევე, ჩემი აზრით უნდა შეწყდეს და მოგიწოდებდით ამისკენ, უმრავლესობის მიმართ აგრესია, რომელიც თვლის, რომ აღლუმი რუსთაველის გამზირზე არ უნდა ჩატარდეს და ვისწავლოთ ერთმანეთის აზრის პატივისცემა. ჟურნალისტებსაც გთხოვთ, ნუ მაშინებთ ევროკავშირის ელჩით, ვინაიდან, როდესაც თქვენ ქართველებს აშინებთ დასავლეთ ევროპელი უცხოელებით, აკეთებთ რუსულ საქმეს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.