ავღანეთის ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობა და მისი მნიშვნელობა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შეაფასა.
„საქართველოს თავდაცვის ძალებმა ავღანეთში მისია დაასრულა. ჩვენი თავდაცვის ძალები გამოირჩევა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომლის მკაფიო დადასტურებაც არის ქართველი სამხედროების უდიდესი, ფასდაუდებელი წვლილი საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. იმ საფრთხეების წარმოშობის ადგილზე ჩახშობაში, რასაც შეეძლო ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის ძალიან მძიმე შედეგები მოეტანა.
ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე უდიდესი კონტრიბუტორი იყო. იგი მოქმედებდა როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პასუხისმგებლიანი და ქმედუნარიანი წევრი და მეტიც! საქართველომ ბევრად მეტი გააკეთა ვიდრე ალიანსის ცალკეულმა მოკავშირეებმა. ამით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტი და რომ ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოს და მისი თავდაცვის ძალების გარეშე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ალიასში გაწევრების საჭიროებას და მნიშვნელობას. ჩვენმა სამხედროებმა, ქართული მხედრული სულით და უნარებით, ნატო-სთან თავსებადობით, მთელს მსოფლიოს დაანახეს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებს დედამიწის ყველაზე საშიშ ლოკაციებზე ნებისმიერი სირთულის ამოცანის შესრულება შეუძლიათ. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან!
ჩვენ დღეს განსაკუთრებული პატივით ვიხსენებთ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, ვინც სიცოცხლე შესწირა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მათ სახელებს და მომავალ თაოებებს მათი თავგანწირვა ეცოდინებათ.
მადლობა ჩვენს ღირსეულ და სახელოვან სამხედროებს სამსახურისთვის! ჩვენს თავგანწირულ გმირებს დიდება!" აცხადებს ირაკლი ბერაია.