ქართული მხარე პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში პოზიტიურ ცვლილებებსა და დემოკრატიული პროცესის დაწყებას არ ელოდება.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ქართულ მხარეს ამის ილუზია არ აქვს.
"მიუხედვად იმისა, გახდება თუ არა ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი, საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია. მისი სამართლებრივი სტატუსი უცვლელია, ვითარება რეალურად და სამართლებრივად გადახედვას არ ექვემდებარება", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, მთავარია საქართველომ ურყევი პოლიტიკა, რეალობის ადეკვატურად შეფასების უნარი და პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა შეინარჩუნოს.
"მიუხედავად იმისა, ვლადიმერ პუტინი შეცვლის თუ არა პოზიციას, საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა ადრე თუ გვიან შედეგს მაინც გამოიღებს", - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, არც საქართველოსთვის და არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის პუტინის შესაძლო გაპრეზიდენტება მოულოდნელი არ ყოფილა.

















