ბატონო კომისარო, პირველ რიგში, მე მინდა, ჩემი სახელით, ჩვენი მთავრობის სახელით, ჩვენი
ხალხის სახელით გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი დახმარების პაკეტის ჩამოტანისთვის. 3.9 მლრდ. ევროს დახმარების პაკეტი, რომელიც შედგება 1 მლრდ. 175 მლნ. ევრო გრანტისა და დანარჩენი სესხისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის კონკრეტული, ხელშესახები, რაც ევროკავშირისგან შეიძლება მიიღოს საქართველომ.
„ეს არის კონკრეტული, ხელშესახები, რაც ევროკავშირისგან შეიძლება მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა. ამისთვის მადლობას მოგახსენებთ და მე მინდა დაგიდასტუროთ სრული მზაობა ჩემი და ჩემი მთავრობის, რომ ჩვენ აქტიურად, ორშაბათიდან დავიწყებთ მუშაობას იმ პროექტებზე, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, პროექტები, როგორიც არის დაკავშირების, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის განვითარების და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების მიმართულებით, რაც, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მოიტანს მეტს კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, მეტ განვითარებას და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა", - განაცხადა პრემიერმა.