ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ წერილობით მიმართა.
„უაღრესად მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის შენარჩუნება საერთაშორისო და განსაკუთრებით ეუთოს დღის წესრიგში. შეშფოთებული ვართ რუსეთის მზარდი სამხედრო აქტიურობით სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. პარალელურად, მოსკოვმა გაააქტიურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესი და აგრძელებს ყოველდღიურ პროვოკაციებს, რაც კიდევ უფრო ამწვავებს არსებულ სიტუაციას ადგილზე. მავთულხლართების გაყვანა ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებში, საოკუპაციო ხაზთან არსებული გადასასვლელი პუნქტების დახურვა, საქართველოს მოქალაქეების გატაცება და უკანონო დაპატიმრებები, ეთნიკურად ქართველი ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე დაწყებითი განათლების მიღების უფლების ჩამორთმევა, ქართული სოფლებისათვის სახელების გადარქმევა და ქართული კულტურული კვალის წაშლა არასრული ჩამონათვალია იმისა, თუ რა გამოიწვია ისტორიული საქართველოს პროვინციების ოკუპაციამ", - აღნიშნულია ნიკოლოზ სამხარაძის მიმართვაში.
ნიკოლოზ სამხარაძემ ასამბლეის დელეგატებს მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ზაზა გახელაძისა და ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების საკითხებზე, რომელთაც განაჩენი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის გამოუტანეს.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მიმართვაში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთი, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და პროვოცირებას უწევს სიტუაციის დესტაბილიზაციას. მიმართვაში მან ასევე აღნიშნა საქართველოს უპრეცედენტო საერთაშორისო სამართლებრივი გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელმაც ისტორიული განაჩენი გამოიტანა და დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეფექტური კონტროლი; რუსეთის პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაზე, წამებაზე, არასათანადო მოპყრობაზე, მათი სახლების ძარცვასა და გადაწვაზე; დევნილთა და ლტოლვილთათვის თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევაზე. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადო ყურადღება გაამახვილოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) განაჩენზე და ეფექტურად გამოიყენოს ეს სამართლებრივი ბერკეტი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა ამ უკანასკნელმა შეწყვიტოს ჩვენი ქვეყნის უკანონო ოკუპაცია და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა", - აღნიშნულია მიმართვაში.
ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში კონფლიქტის მოგვარების კუთხით ეუთოს აქტიური ჩართულობისთვის მადლიერებას გამოხატავს და ხაზს უსვამს ორგანიზაციის თანათავმჯდომარეობის მნიშვნელოვან როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისადმი გაგზავნილ მიმართვაში, ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოსა და მისი პარტნიორების შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზეც ამახვილებს ყურადღებას.
„მსურს, გამოვეხმაურო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოსა და მისი პარტნიორების შუამავლობით მიღწეულ ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანმა გაათავისუფლა სომხეთის 15 დაკავებული მოქალაქე, სომხეთის მხრიდან ნაღმების განლაგების ამსახველი რუკის სანაცვლოდ. საქართველომ შეასრულა შუამავლის მნიშვნელოვანი როლი ჩვენს ორ მეზობელს შორის და კვლავაც აპირებს, ხელი შეუწყოს სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნას რეგიონში", - აღნიშნულია მიმართვაში.
ნიკოლოზ სამხარაძე სომეხ და აზერბაიჯანელ თანამოძმეებს საპარლამენტო თანამშრომლობის პლატფორმის გააქტიურებას სთავაზობს.
„ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ თანამოძმეებს ვთავაზობთ, გავააქტიუროთ საპარლამენტო თანამშრომლობის პლატფორმა ჩვენ სამ ქვეყანას შორის და გავმართოთ შეხვედრა თბილისში, სადაც ერთად განვიხილავთ კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციისა და ნდობის აღდგენის საკითხებს, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, განვითარების და კეთილდღეობის ხელშემწყობი მექანიზმების ამოქმედების საკითხს", - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.