საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში კახა ლომაია აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით
გამოსვლისას საუბარი, სხვა საკითხებთან ერთად, იმ მიღწევებსა და პრობლემებსაც შეეხება, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ გარდაქმნებს ახლავს.
„პრეზიდენტი, ალბათ, ამ გარდაქმნების ორივე ასპექტზე ისაუბრებს“ აღნიშნა ლომაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ასამბლეა ძირითად აქცენტს რეგიონულ კონფლიქტებსა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე გააკეთებს, განხილვის თემა კავკასიის რეგიონიც იქნება.
„გაერო-ს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გამწვავებული ვითარება და რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში დაძაბული ვითარება“-აღნიშნა ლომაიამ.
გაერო-ს 67-ე გენერალური ასამბლეა ნიუ-იორკში დღეს გაიხსნება. მასზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა შუადღისას არის დაგეგმილი.

















