არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღო.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, ფოტო და ვიდეოგადაღების დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ, კამერები განთავსდებიან გადასაღები ობიექტიდან, მინიმუმ, 3 მეტრის მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.
გარდა ამისა კამერებისთვის სპეციალური ადგილი ისე უნდა იყოს გამოყოფილი, რომ საარჩევნო ყუთი ჩანდეს.
საარჩევნო უბანზე სამაგიდო სიისა და ამომრჩეველთა კაბინის შიგნიდან გადაღება იკრძალება.
მობილური ტელეფონით გადაღებაზე რეგულაციები არ ვრცელდება.
გადაღება დაშვებულია პირველიდან ბოლო ამომრჩევლამდე და შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე პერიოდის ჩათვლით.
გარდა ამისა, თუ ოპერატორმა ერთხელ მაინც დატოვა საარჩევნო უბანი, ის გადაღების უფლებას კარგავს.
ცესკო-მ აღნიშნული დადგენილება 11 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
გადაწყვეტილებას მხარი „კონსერვატორებისა“ და „მრეწველების“ წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს. დოკუმენტის სასარგებლოდ ხმა „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრმა მისცა.

















