საქართველოს პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების სისტემის ჰუმანიზაციისა და ალტერნატიული სასჯელების დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა დღეს საღამოს სასჯელაღსრულების
ახალ მინისტრთან გიორგი ტუღუშთან შეხვედრაზე.
როგორც ტუღუშმა პრეზიდენტს აცნობა, ყველა დაწესებულებაში სიმშვიდეა და შემჭიდროვებულ ვადებში ბევრი ცვლილება განხორციელდა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგმაც გამოავლინა, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში გამოკითხული რამდენიმე ასეული მსჯავრდებული პირი აცხადებს, რომ „მათ აღარც ახსოვთ ბოლოს ასე როდის ეპყრობოდნენ და ბოლო პერიოდში სიტყვიერ შეურაცხყოფასაც კი არავინ აყენებს მათ“.
მინისტრის თქმით, ეს სტანდარტი მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული.
პრეზიდენტმა პატიმრების სოციალურ რეაბილიტაციაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ადამიანის ციხეში ჯდომა თვთმიზანი არ არის.
„სისტემის ჰუმანიზაცია არის ჩვენი საზოგადოების დიდი საზომი. თუ შეიძლება, რომ ადამიანი არ იჯდეს ციხეში, ის არ უნდა იჯდეს. საზოგადოება უნდა დავაზღვიოთ, მაგრამ ისე არ უნდა გადავიზღვიოთ თავი, რომ უკუეფექტი მივიღოთ. უნდა ვიმუშაოთ ალტერნატიულ სასჯელებზე“ - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ საჭიროა მუდმივი მონიტორინგი და ასევე უსაფრთხოების სისტემის შენარჩუნება.
„უსაფრთხოებას ვერ შევასუსტებთ. ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც ციხის კარი ერთდროულად უნდა გაიღოს“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
გაედა ამისა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საჭიროა, სახალხო დამცველის ყველა ძველი ანგარიშის რევიზია და ყველა საჯარო დაწესებულებამ უნდა აღმოფხვარს ის ნაკლოვანებები, რაც ანგარიშებშია მითითებული.

















