"რას ჰგავს თქვენი საქციელი, იცით? ტალახს ესვრით საკუთარ სახლს და მერე, ამ ტრიბუნასთან მოდიხართ
და წუწუნებთ, რომ ჩვენი სახლი ტალახიანიაო. ასე ექცევით საკუთარ სასამართლოს",- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციას. რიგგარეშე სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მიერ დაკავებულ პოზიციებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, მედიის კუთხით არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
„2012 წლამდე ქვეყანაში სულ 4 ეროვნული მაუწყებელი არსებობდა, საზოგადოებრივის ჩათვლით. დღეის მდგომარეობით საქართველოში 20 ეროვნული ღია საეთერო მაუწყებელი მოქმედებს.
ჯამში დღეს 100-ზე მეტი ტელევიზია ფუნქციონირებს საქართველოში. ჩვენს შემდეგ საერთაშორისო შეფასებაში არიან პოლონეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, სერბეთი და ლიბერალური მედია პოლიტიკის ძალიან კარგი მაგალითია 2019 წელს სამაუწყებლო მედიაში განვითარებული მოვლენები. ისევ სასამართლოსაც რომ დავუბრუნდეთ, თქვენ გახსოვთ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებული დავა, სადაც ბევრნი ადანაშაულებდით საკუთარ ეროვნულ სასამართლო სისტემას და ამბობდით წინასწარ, რომ მან უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. რომელი გამოხვედით მერე, სტრასბურგის სასამართლომ რომ თქვა, რომ საქართველოს სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა ეს საკითხიო, რომელმა მოუხადეთ ბოდიში საქართველოს მოსამართლეებს? რას ჰგავს თქვენი საქციელი, იცით? ტალახს ესვრით საკუთარ სახლს და მერე, ამ ტრიბუნასთან მოდიხართ და წუწუნებთ, რომ ჩვენი სახლი ტალახიანიაო. ასე ექცევით საკუთარ სასამართლოს",- მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციას.