საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებაში არსებობდნენ პირები, რომელთა ირგვლივ შემოკრება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება,
როგორი სიძულვილიც არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს დღევანდელი მთავრობის მიმართ.
ამის შესახებ სააკშვილმა შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული ოპერატიული მასალის კომენტირებისას განაცხადა, სადაც დეპუტატობის წევრი ალეკო ტაბატაძე ფიგურირებს.
„კარგად მახსოვს, ეს პიროვნება იყო ნარკომანიის სამსახურის უფროსი, ნამდვილი ჯალათის - თბილისის პოლიციის უფროსის სოსო ალავიძის მარჯვენა ხელი. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკობარიგა. ასეთი ხალხის გამო, მაშინ საქართველოში მთელი თაობა ნემსზე შეჯდა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ტაბატაძე „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ბადრი ბიწაძის რეკომენდაციით, ნინო ბურჯანაძემ, რომელიც მაშინ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი იყო, პოლიციის უფროსად დანიშნა,
„დავურეკე ბურჯანაძეს და ნახევარ საათში მოვახსნევინე. მერე ბიწაძემ სადღაც კიდევ შეტენა სხვა თანამდებობაზე და როგორც კი გავიგე მოვახსნევინე. შემდეგ ის გაიქცა უკრაინაში“ - განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ძველი ელემენტები, რომლებიც აწამებდნენ, აუთოვებდნენ, რყვნიდნენ მთელ თაობას, საქართველოში დაბრუნდნენ და უეცრად საარჩევნოდ „ყველამ თავი წამოყო“.
„არსებობს ხალხი, რომლებიც რა პარტიული ინტერესიც, რა გარემოებაც არ უნდა იყოს და რა სიძულვილიც არ უნდა ამოძრავებდეთ ჩემი თუ მთავრობის მიმართ, არ შეიძლება მათი შემოკრება და ყველაფერზე წასვლა. ნუ ვაჭრობთ ადამიანების ბედით. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერს დაანგრევს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
შსს-მ დღეს წინასაარჩევნოდ პოლიციელების მოსყიდვის მცდელობის ფაქტების შესახებ რამდენიმე ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. პოლიციის ინფორმაციით, მასალაში ფიგურირებენ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

















