"თუ რომელიმე პარტია მხარს არ დაუჭერს საარჩევნო ცვლილებებს, ეს შარლ მიშელის
დოკუმენტის ძალიან უხეში დარღვევა იქნება, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ამაზე მმართველ გუნდს პოლიტიკური რეაქცია ექნება.
„შესაბამისად, ყველას მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ საარჩევნო ცვლილებებს. ბუნებრივია, ჩვენ უნდა შევაფასოთ ნებისმიერი ასეთი აქტი, ნებისმიერი ასეთი ქმედება. თუ ვინმე მხარს არ დაუჭერს ამ ცვლილებებს, ბუნებრივია, გვექნება სათანადო პოლიტიკური შეფასება“, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით, გასულ კვირას მიიღო. პროექტს მხარი 95-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წევრებს.