ზოგადად, ელექტრონული მმართველობის მიმართულებით, ბოლო წლებში, მე აქტიურად ვიყავი ჩართული, ახლა ერთ-ერთი მთავარი
პრიორიტეტი იქნება ელექტრონული მმართველობის განვითარება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამას სჭირდება საერთო მაკოორდინირებელი უწყება, რაც მის დაქვემდებარებაში, მთავრობის ადმინისტრაციაში, უახლოეს მომავალში შეიქმნება.
„ეს უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციის მეშვეობით და ჩემს დაქვემდებარებაში იქნება. მე ამას ვგეგმავ უახლოეს მომავალში. მაშინ ესტონური მოდელის გადმოღება სწორედ ჩემს დროს დაიწყო. მოგეხსენებათ, ესტონეთი მოწინავეა ელექტრონული მმართველობის მიმართულებით და ელექტრონული სერვისების კუთხით წამყვანი და მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანაა. ძალიან ბევრი წარმატებული მაგალითის გადმოღება გვაქვს დაგეგმილი უახლოესი თვეების განმავლობაში", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დისტანციური და ონლაინსერვისების დახვეწას რაც შეეხება, ამ მიმართულებით ძალიან კარგი იდეები აქვს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს.
„მას უკვე დამუშავებული აქვს და მანამდეც იყო კარგი პროექტები, როგორიცაა მაგალითად პირადობის მოწმობის და პასპორტის ონლაინრეჟიმში აღება და სხვა, რათა მოქალაქეებს ყოველთვის აღარ უწევდეთ მისვლა თუნდაც ისეთ გამართულ სისტემაში, როგორიც არის იუსტიციის სახლები, მაგრამ ამის მიუხედავად, ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა არსებობს, რომელიც ივლისიდან დაიწყება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.