პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია წამების შედეგად დაღუპული ასობით პატიმრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაციის წარმომადგენლები თანადგომასა და თანაგრძნობას უცხადებენ ყველა პატიმარს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.
„ქვეყნის პენიტენციალურ სისტემაში ჩამოყალიბებული არანორმალური ვითარება - პატიმრების ცემა, წამება, ფსიქოლოგიური ზეწოლა, სექსუალური ძალადობა და ა.შ. უკვე დიდი ხანია ცნობილია. რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებით გავრცელებული ამ საზარელი ფაქტების დამამტკიცებელი ვიდეომასალის ხილვამ საზოგადოების ადეკვატური აღშფოთება და ახალგაზრდების საპროტესტო აქციები გამოიწვია“ - ნათქვამია განცხადებაში.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია სტუდენტთა მშვიდობიან პროტესტს სოლიდარობას უცხადებს და ძალადობრივი პენიტენციალური სისტემის ყველა შემოქმედისა და პატიმართა წამების მონაწილე ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას მოითხოვს.
„ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აქციების მონაწილე თანატოლებს სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ, ვინაიდან, კარგად ვიცით თუ რაზეა წამსვლელი არსებული რეჟიმი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ჩვენ ეს საკუთარ თავზე, „დემოკრატიული მოძრაობის“ დაარსების დღიდან, არაერთხელ გვაქვს გამოცდილი. ათეულობით ჩვენი თანამოაზრე და თანაპარტიელი მოგონილი ბრალდებებით ხელისუფლებას დღემდე დაპატიმრებული ჰყავს და მათი უმრავლესობა უკანონოდ, სწორედ გლდანის მერვე საპყრობილეში იმყოფება“ - აცხადებენ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ისინი იმედოვნებენ, რომ არსებული სამართლიანი საპროტესტო მუხტის არჩევნების დღემდე მიტანა და „მოძალადე რეჟიმის ქვეყნისთვის მოშორება მოხერხდება“.

















