საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გურჯაანის მოსახლეობასთან შეხვდრისას ყველა პოლიტიკურ ძალას მიმართა და გაერთიანება შესთავაზა იმ საკითხში, რომ საქართველოში
ორგანიზებული დანაშაული აღარასდროს დაბრუნდეს.
მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა მოილაპარაკოს, რომ ხალხის ტერორით დაკავებული კრიმინალები, ქუჩებში თავისუფლად და დაუსჯელად აღარ ივლიან.
„ყველა პოლიტიკურ ძალას მინდა ვუთხრა - ჩვენ არავის გათიშვა არ გვინდა. მოდით, ყველა ერთად დადვდგეთ და ვთქვათ, რომ ორგანიზებული დანაშაული აღარასდროს დაბრუნდება და ის კრიმინალები, ვინც ხალხს ატერორებდა, ქუჩებში თავისუფლად და დაუსჯელად არ ივლიან, რომ კორუმპირებული პოლიცია მასობრივად არ ჩაიგდებს ხელში სისტემას და რომ რეკეტი ისევ აღარ აღდგება“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ საქართველოში ბავშვების ქუჩაში გაშვება არავის შეეშინდეს.
„ნუ ვცდილობთ ისეთი თემებით მანიპულირებას, რომლებიც ხვალ და ზეგ ყველას უკან შემოგვიბრუნდება. დარწმუნებული ვარ, როგორი პოლიტიკური პროგრამებიც არ უნდა ჰქონდეთ, უმეტესი მათგანი ამაზე დათანხმდება“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ის, ვინც თამაშს სხვა სცენარით დაიწყებს, აუცილებლად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

















