პარლამენტი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებებს მეორე
მოსმენით იხილავს, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.
ცვლილებით რეგულირდება ნაფიცი მსაჯულის და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ შესაბამისი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
მომხსენებლის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კანონპროექტით ზუსტად განისაზღვრება, თუ რა შემთხვევაში შეეძლება პირს ნაფიც მსაჯულობაზე უარის თქმა.
„ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ ეს არის ვალდებულება და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს არ შეიძლება მყიფე არგუმენტებით ჰქონდეს უფლება, უარი თქვას მსაჯულობაზე, მაგრამ ობიექტური გარემოებების არსებობისას, მას უნდა ჰქონდეს უარის თქმის უფლება"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ობიექტური გარემოებები დეტალურადაა გაწერილი კანონპროექტში.