პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ,
რომლითაც სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმების რაოდენობა იზრდება
„პროექტი პარლამენტის წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნას ან შეჩერებას ითვალისწინებს, რომლის მისაღებად საჭირო ხდება დეპუტატთა სამი მეხუთედის ანუ 90 დეპუტატის თანხმობა, ნაცვლად აქამდე არსებული 50 დეპუტატისა თანხმობისა. გადაწყვეტილების მისაღებად ფაქტიურად, დეპუტატთა ხმების გაორმაგება ხდება", - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული საკითხი ყველა მოწვევის პარლამენტისთვის იყო გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირების და პოლარიზაციის საგანი.
„ევროკავშირის პრეზიდენტის მედიაციით შექმნილ დოკუმენტში ასახული იყო ერთ-ერთი მიზანი, რომ პარლამენტის მხრიდან გადადგმულიყო ისეთი ნაბიჯები, რომელიც მოხსნიდა პოლიტიკური პოლარიზების საკითხს ქართულ პოლიტიკაში", - განაცხადა მომხსენებელმა.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თანხმობისთვის პარლამენტის წევრთა ხმების კიდევ უფრო გაზრდას ითხოვენ.
„90 პარლამენტარის ხმის მობილიზება ფაქტიურად საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლებლობებში ექცევა. თუ გვინდა რომ კანონპროექტი რეალურად შეესაბამებოდეს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახსნელად, საჭიროა ხმათა რაოდენობა გაიზარდოს ორ მესამედამდე ანუ საჭირო გახდეს 100 პარლამენტარის თანხმობა. ასეთი ცვლილება რეალურად იქნება შესაბამისობაში შარლ მიშელის დოკუმენტის მოთხოვნასთან", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.