საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფი „გირჩის" დარეგისტრირების საკითხს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კომიტეტმა კონსულტაციების გამართვის შემდეგ მიიღო.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ყველა ბარიერგადალახულ პოლიტიკურ ძალას პარლამენტში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების და საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა ექნება.
„მეათე მოწვევის პარლამენტის ცხოვრება დაიწყო არასტანდარტული გზით, რითაც ქართულმა დემოკრატიამ მაგალითი აჩვენა მსოფლიოს. ამან, ბუნებრივია, გამოიწვია მთელი რიგი სიახლეები საპარლამენტო ცხოვრებაში, რამაც მოითხოვა რეგლამენტში ცვლილებების შეტანა. გაჩნდა პოლიტიკური ჯგუფის ცნება, რომელიც არ არის ფრაქცია, მაგრამ ბევრი მისი მსგავსი უფლებამოსილება მიეცა, რომ საპარლამენტო ცხოვრება ყოფილიყო ყველა იმ სუბიექტისათვის, ვინც ბარიერი გადალახა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კომიტეტმა საკითხს კენჭისყრით დაუჭირა მხარი.