საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირაში, 25 ივნისს, პარასკევს, დეპუტატები პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს
მოუსმენენ, რომელიც პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით წლიურ მოხსენებას გააცნობს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ 151-გვერდიან მოხსენებაში ასახულია ისეთი საკვანძო მიმართულება, როგორიცაა: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.
„პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და შემცირებული ეკონომიკური აქტივობების ფონზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ, ერთი მხრივ, არ შეჩერდეს ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების რეფორმები, ხოლო, მეორე მხრივ, მოკლევადიან პერიოდში დაეხმაროს მოსახლეობას, ისევე, როგორც კერძო სექტორს, ახალი გამოწვევების დაძლევაში", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებაში.