2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", „კავშირი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელებს შეხვდა.
კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კითხვის ნიშნები ორი მიმართულებით ჰქონდათ.
„ერთი ეს იყო შესწორების ოქმები. მათ არ მოსწონდათ, რომ შესწორებები ხდებოდა, თუმცა ეს კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმატის ფარგლებში კეთდებოდა და არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. მეორე მხრივ, საუბარი იყო იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური სუბიექტების საჩივრების გარკვეული ნაწილი არ იქნა განხილული, ხოლო ნაწილი - დაკმაყოფილებული.
არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტიკურმა სუბიექტებმა წარადგინეს საჩივრების დიდი რაოდენობა. მათი 67% არ იქნა განხილული, რადგან მათი წარდგენა მოხდა ან პოლიტიკური სუბიექტების არაუფლებამოსილი პირების მიერ, ან - ვადის დარღვევით, რის გამოც საჩივრები შინაარსობრივად შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანომ ვერ განიხილა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ დავსვით ძალიან მარტივი შეკითხვა. ამ შემთხვევაში, ხომ არა აქვს ადგილი მიზანმიმართულ, კოორდინირებულ კამპანიას იმისთვის, რომ დაინტერესებულმა მხარემ წარმოაჩინოს ვითარება ისე, რომ იყო ბევრი საჩივარი და ამის გამო შესაბამისმა მექანიზმებმა არ იმუშავა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მყარი არგუმენტები მოვიყვანეთ. კერძოდ, ოპოზიციურ პარტიებს 11 ათასზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდათ კომისიებში და მათგან მხოლოდ რვამ დააფიქსირა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, კონკრეტულ უბნებში, თავისი განსხვავებული აზრი, ხოლო მაჟორიტარულთან დაკავშირებით - ექვსმა. ეს მცირე ციფრი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტული კომისიის წევრებიც აღიარებენ იმ შედეგებს, რომლებიც ოქმებში იყო და რომლებსაც ხელი მოაწერეს", -აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ორშაბათს, 21 ივნისს, დროებითი საგამოძიებო კომისია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და პროკურატურის წარმომადგენლების მოუსმენენ.