საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ანტალიის
დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მიროსლავ იენჩასთან.
შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული გარემო, ასევე გაეროს მნიშვნელოვანი როლი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის თემას და აღინიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, რათა მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება მოხდეს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გაეროს მნიშვნელოვან როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას მოლაპარაკებათა პროცესში მთავარ საკითებზე, რაც უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას, ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასა და დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხებს.
რეგიონში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა ქართული მხარის ფასილიტაციას და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობას, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შედეგის მიღწევა მოხერხდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.