„ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერის გოგა ხაინდრავას სახლთან ამ წუთებში სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ჯგუფები პატრულირებენ.
როგორც ხაინდრავამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, მასზე თვალთვალი გუშინ ფილარმონიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან წამოსვლის შემდეგ დაიწყო.
მისი თქმით, მანქანას, რომელშიც ის იმყოფებოდა, სამი ავტომობილი დაედევნა.
როგორც ხაინდრავა აცხადებს, მანქანები დღეს დილიდან მის სახლთან მორიგეობენ. მის მეუღლეს განუცხადეს, რომ ისინი სოდ-ის თანამშრომლები იყვნენ და ოპერაციას ატარებდნენ.
„მათ ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც ჩემს სახლთან ჟურნალისტები და გადამღები ჯგუფები გამოჩნდნენ. თუმცა, მანქანები გარკვეული პერიოდულობით მაინც პატრულირებენ“ - განაცხადა მან.
ხაინდრავას თქმით, ის არ გამორიცხავს მის დაკავებას, რადგან, მისივე თქმით, უკვე მერამდენე დღეა პრეზიდენტი მას მომხდარში დაბეჯითებით ადანაშაულებს.
„საქართველოს სათავეში არის მანიაკი, რომელიც მთლიანად გამოსულია მწყობრიდან, რომელიც ჩვენს შვილებს აუპატიურებს და ამას დღეების განმავლობაში დაბეჯითებით მე მაბრალებს, რომ თითქოს მე და თამაზაშვილმა გავაუპატიურეთ ის 14 წლის ბიჭი და ყველა ის პატიმარი, ვინც ეს გაიარა. ამ ვითარებაში სხვა რა უნდა იფიქრო“ - განცხადა ხაინდრავამ.
მისი თქმით, გაუგებარია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც მომხდარის მიუხედავად სააკაშვილს ტაშს უკრავს.
„ჩვენ, ჩვენი თავგანწირვით არ დავუშვებთ საქართველოში სატანის ზეიმს და ამის მაგალითია ახალგაზრდების პროტესტი“ - განაცხადა ხაინდრავამ.
გუშინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში განაცხადა, რომ პატიმრების წამების ფაქტების წინასაარჩევნოდ გამოქვეყნება დიდი ხნით ადრე იგეგმებოდა, იმ მიზნით, რომ მოსახლეობას იმპულსური გადაწყვეტილება მიეღო. ამის დასტურად მან აღნიშნა, რომ გოგა ხაინდრავა თავის ინტერვიუში, ჯერ კიდევ მაისში აცხადებდა, რომ ხელისუფლებას „ცოცხებს მოვუწყობთ“.

















