საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ევროპის
უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის, სოფელ ციცაგიაანთკარში წყლის პროექტის განხორციელებაში ეუთო-ს მიერ შეტანილი წვლილისა და პროექტის ინაუგურაციაში მისი პერსონალური მონაწილეობისთვის. მინისტრმა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში ეუთო-ს აქტიური ჩართულობისა და ჰელგა შმიდის მიერ ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გააქტიურების გამო. დავით ზალკალიანმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, მათ შორის, ე.წ. საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის მიზნით მიღებული პროგრამის, ე.წ. „ბორდერიზაციის" პროცესების გააქტიურების, საოკუპაციო ხაზის დაკეტვის და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, სიცოცხლის უფლების ხელყოფისა და ეთნიკური დისკრიმინაციის თაობაზე, რაც ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ მდგომარეობას და მძიმე ტვირთად აწვება კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, განსაკუთრებით COVID19-ის პანდემიის პირობებში. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა უკანონო დაკავებებისა და გატაცებების გახშირებულ შემთხვევებზე და ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძისა და საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას.
აღინიშნა ადგილზე გახშირებული პროვოკაციების ფონზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობა.
შეხვედრისას დავით ზალკალიანმა, ასევე, ხაზი გაუსვა უპრეცედენტო საერთაშორისო სამართლებრივი გამარჯვების ფაქტს, რომელიც საქართველომ მოიპოვა რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. აღინიშნა სასამართლოს გადაწყვეტილების უდიდესი მნიშვნელობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო რეაგირებისათვის სამართლებრივ ინსტრუმენტს, რათა მოხდეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევების შეჩერება.
შეხვედრისას დავით ზალკალიანმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების თაობაზე. ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის მნიშვნელობა დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა: ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ძალის არგამოყენება, იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება.
აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივის — „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" განხორციელებაზე.
ეუთოს გენერალურმა მდივანმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ ეუთო განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიურ ჩართულობას საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამკვიდრების მიზნით.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლსა და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში და საქართველოს მზაობას აქტიური მონაწილეობა მიიღოს მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ძალისხმევას რეგიონში. ხაზი გაესვა, რომ ზემოხსენებულის ნათელი მაგალითია, ამ მხრივ განხორციელებული ბოლოდროინდელი პოზიტიური განვითარებები.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალურ მდივანი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახაბერ კუჭავასთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან.
ვიზიტის ფარგლებში, ჰელგა შმიდი ეწვია საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთს და მონაწილეობა მიიღო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაში.