ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ კომიტეტის წევრებს ნარკოდანაშაულის და ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გააცნო.
სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებით მკაცრდება ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სანქცია. კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის, ნაცვლად მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ექვსიდან თერთმეტ წლამდე დადგენილი სანქციისა, აღნიშნული დანაშაული დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. სანქცია იმატებს დასახელებული დანაშაულის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენისთვისაც.
კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში სასჯელის შუალედი 7-14 წლით თავისუფლებით აღკვეთიდან გაიზრდება 12-17 წლამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი თავისუფლების აღკვეთით ვადით 14-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
„ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა ისჯებოდეს და ის ციხეში არ უნდა იჯდეს, მაგრამ ასევე უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ სასჯელი უმკაცრესი უნდა იყოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით ამგვარი დანაშაულები წლების განმავლობაში მატულობს, ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევების კლებაც არ შეინიშნება. ამიტომ, ვფიქრობ, მისაღებია გადაწყვეტილება, რომ ნარკოტიკების გასაღებაზე სასჯელი გამკაცრდეს. ჩანს რომ მოქმედი კანონი არ არის საკმარისი ამ დანაშაულების შესამცირებლად", - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
კომიტეტმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას, მხარი უმრავლესობით დაუჭირა.