ცხადი ხდება, რომ თანამედროვე ჰიბრიდული ომის რთული არსი გაერთიანებულ
ძალისხმევას და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას საჭიროებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2021 წელს აქცენტირებული იყოს 2030 წლის სამიტის დღის წესრიგზე, რომელიც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე მიმართვისას განაცხადა, რომელშიც მსოფლიოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ისეთი საკითხები, როგორიცაა შესაძლებლობების მოდერნიზაცია, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება გაზრდილი მზაობის მეშვეობით, ალიანსის მასშტაბით მდგრადობის მიზნების შემუშავება და პარტნიორების მდგრადობის მხარდაჭერა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2030 სამიტის დოკუმენტებში საკვანძო საკითხებადაა გაწერილი.
„ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკის განახლება წარმოადგენს დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას და იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა ეფექტურად გაგრძელდება მომდევნო წლებში. წლების განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს და მონაწილეობს საქართველოში მდგრადობის ზრდის ძალისხმევაში. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ალიანსთან. ასპირანტი საქართველოსთვის ეს დღის წესრიგი კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით. რაც უფრო მდგრადია თითოეული თანამოაზრე პარტნიორი და წევრი, მით უფრო ძლიერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისა და მშვიდობისმოყვარე ერების ღირებულებათა სისტემების ბრძოლაში გასამარჯვებლად", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბრიუსელის ფორუმზე, რომელიც 14-18 ივნისს მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში იმართება, ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომელთა შორის იმყოფებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ და კრო, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა.
ბრიუსელის ფორუმი თემატური პანელებისგან შედგება. საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა პანელზე, სახელწოდებით Investing in Resilience, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა ნატო-ს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე.