საქართველოს ხელისუფლება, რუსეთის მიერ მასშტაბური წვრთნების „კავკასია 2012-ის“ ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობას სიფხიზლისაკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კალანდაძის თქმით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან არსებობს როგორც დესტაბილიზაციის მცდელობის ისე პროვოკაციის საფრთხე. კერძოდ, მინისტრის მოადგილე შემთხვევით ფაქტად არ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდა და ასევე, იმას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უშუალოდ ადმინისტრაციულ საზღვართან რუსეთის სამხედრო ნაწილები ძლიერდებიან.
„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ინფორმაცია, არამედ, ეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც დაადასტურა და ამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინა“ - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ფხიზლად იყვნენ, რადგან, მისივე თქმით, ყველას ახსოვს რა შედეგი მოიტანა 2008 წელს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ადეკვატური და დროული რეაგირების არარსებობამ.

















