პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაიამ
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ კანონპროექტით კიბერ უსაფრთხოების ეროვნული ინსტიტუციური ჩარჩო და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება.
„საკანომდებლო ცვლილებების შედეგად იზრდება ჩვენი ქვეყნის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების მედეგობის ხარისხი, ინერგება კომპიუტერული ინციდენტებისა და კიბერ შეტევების გამოვლენის და მათზე რეაგირების ეფექტიანი სისტემა. ხორციელდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კატეგორიზაცია და ინფორმაციული უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტების დანერგვისა და დაცვის ქმედითი მექანიზმები. კანონპროექტით კიბერ უსაფრთხოების ეროვნული ინსტიტუციური ჩარჩო და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების შესაძლებლობებიც ძლიერდება", - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული კანონის მიღება ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მზარდმა ხასიათმა, ბოლო წლებში გახშირებულმა ფართომასშტაბიანმა კიბერ შეტევებმა, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნებისა და მათი სპეცსამსახურების კიბერ შესაძლებლობების გაძლიერებამ განაპირობა.
„საკანონმდებლო ცვლილებებს დიდი ინტერესით ელოდნენ და რაც მთავარია, მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ეს ცვლილები კიბერ სივრცის მეტ დაცულობასთან ერთად, პარტნიორების მხრიდან კიბერ უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთვის გაზრდილი მხარდაჭერის მობილიზებას უზრუნველყოფს", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.