ბოლო სამ დღეში, ეკა ზღულაძის შს მინისტობის პერიოდში „ქართული ოცნების“ 20 აქტივისტი დააკავეს - ამის შესახებ დღეს გამარულ პრესკონფერენციაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივისტთა დაკავების პარალელურად, დაუსჯელი რჩებიან კოალიციის მხარდამჭერებზე თავდამსხმელები.
ფანჯიკიძის ცნობით, გუშინ ვანში სერიოზული დანაშაული მოხდა, რომელშიც თანამდებობის სხვა პირებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ ვანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა ლეჟავა მონაწილეობდა.
პრესსპიკერის ინფორმაციით, გუშინ „ქართული ოცნების“ ვანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოდერძი ტყეშელაშვილის მეგობარი მამუკა შარაშენიძე რაიონიდან თბილისისკენ ბრუნდებოდა. მას გზაში გოდერძი ტყეშელაშვილი შეხვდა. შარაშენიძე მანქანიდან გადმოვიდა, მიესალმა მას და გზა განაგრძო.
მისივე ცნობით, ცოტა ხანში გოდერძი შარაშენიძეს დაურეკეს, რის შემდეგაც იგი ვანში მიბრუნდა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პაატა ლეჟავას კაბინეტში შევიდა.
„ამ დროს ოთახში შემოცვივდა 15-მდე კაცი და მამუკა შარაშენიძეს ცემა დაუწყო. იგი მრავლობითი დაზიანებით გუშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ მამუკა შარაშენიძის ცემაში, იყვნენ ვანის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე დავით კაკაბაძე, ვანის გამგებელი ზურაბ გეგიძე, ვანის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსი ზვიად გაბუნია.
პრესსპიკერის განმარტებით, აღნიშნული დანაშაული „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მოხდა მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის უშუალო თანდასწრებით.
„შესაბამისად პაატა ლეჟავა დანაშაულის უშუალო თანამონაწილეა. კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისა და შს ახალი მინისტრისგან, მოხდეს ამის გამოძიება. დაისაჯოს ყველა დამნაშავე, მათ შორის პაატა ლეჟავამაც აგოს პასუხი კანონის წინაშე“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

















