საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩს დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძეს საყვედური გამოუცხადა.
საყვედურის მიზეზი კი, ბადრიძის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლონდონში გამართულ აქციაზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება გახდა.
„ძალიან უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი, ყველა თვალსაზრისით, რადგან საქართველოს წარმომადგენელსაც მიაყენეს შეურაცხყოფა, თუმცა, მან სათანადო თავშეკავება ვერ გამოიჩინა“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ბოლო პერიოდში ძალიან მძიმე ემოციური ფონის გავლენის ქვეშაა, დიპლომატს მეტი თავშეკავება მართებდა, რის გამოც სამინისტრომ მას საყვედური გამოუცხადა.
ამასთანავე, კალანდაძემ აღნიშნა, რომ მხარეებმა ერთმანეთს ბოდიში დაუყოვნებლივ მოუხადეს.
ლონდონში საქართველოს საელჩოსთან ქართველი ემიგრანტების აქციაზე, სადაც მისი მონაწილეები ციხეებში პატიმრების წამებას აპროტესტებდნენ, საქართველოს ელჩმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

















