არასამთავრობო ორგანიზაციები უნდობლობას უცხადებენ საქართველოს მთავარ პროკურორს და მოითხოვენ შეიქმნას საზოგადოებრივი პროკურორის თანამდებობა,
რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამების ფაქტებს გამოიძიებს. შესაბამისი განცხადება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მედიას დღეს გააცნეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არასამთავრობოები ვარაუდობენ, რომ მთავარი პროკურატურა წამების ფაქტებს არასათანადოდ გამოიძიებს, ამიტომ, მოითხოვენ რომ გამოძიება იმ საზოგადოებრივმა პროკურორმა განახორციელოს, რომლის კანდიდატურასაც თავად დაასახელებენ. გარდა ამისა, არასამთავრობოების მოთხოვნაა, წამების სისტემური პრაქტიკის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმაც აიღონ, რომელთა თანამდებობაზე ყოფნის დროს არაეფექტური გამოძიების პირობებში, პატიმართა წამების ფაქტები წახალისდა.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ წამებაში ეჭვმიტანილთა არეალი ხელისუფლებამ ძალიან დაავიწროვა და მხოლოდ იმ ადამიანებით შემოფარგლა, რომლებიც გავრცელებულ კადრებში უშუალოდ მონაწილეობენ. ამიტომ, ისინი მოითხოვენ, გამოძიებამ შეისწავლოს მაღალი თანამდებობის პირთა ბრალეულობის საკითხი. ამასთან, ვინაიდან, სისტემაში არსებული პრობლემები სათავეს მრავალი წლის წინ იღებს, სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნაა სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი ხელმძღვანელების სისხლის სამართლებრივი პასუხისიმგებლობის საკითხიც დადგეს.
არასამთავრობოებს აუცილებლად მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივ პროკურორთან შეიქმნას, იურისტებით, ექიმებით და ფსიქოლოგებით დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აწარმოებს პატიმრების გამოკითხვას, მტკიცებულებების შეგროვებას და საზოგადოებრივი პროკურორისთვის მათ მიწოდებას.
გარდა ამისა, არასამთავრობოები ყურადღებას წამების მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზეც ამახვილებენ.

















