კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ცესკო საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღების აკრძალვას გამჭვირვალობის შემცირების მიზნით გეგმავს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, გუშინ ცესკო ცდილობდა საარჩევნო კოდექსის მერვე მუხლის 25-ე პუნქტის გადახედვას, რომელიც საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღებას უშვებს.
როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, ცესკო გეგმავს გადაღების უფლება არავის მისცეს, რაც გამოწვეულია იმით, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამჭვირვალობის ეშინია, ვიდეოგადაღების აკრძალვა კი, ფანჯიკიძის თქმით, საარჩევნო ხმების გასაყალბებად საუკეთესო საშუალებაა.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არასამთავრობოებისა და მედიის ზეწოლის შედეგად, ცესკო და მისი წევრები კეთილგონიერებას გამოიჩენენ და არ დაუშვებენ, რომ ხმის მიცემის პროცესი გამჭვირვალე არ იყოს“-განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ამაზე ბევრადაა დამოკიდებული არჩევნების ლეგიტიმურობა და მისი სამართლიან და დემოკრატიულ პირობებში ჩატარება.

















