პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო
უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური განცხადებების ფონზე მიმდინარეობს.
იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მუხლობრივი განხილვისთვის წარმოდგენილ პროექტზე განაცხადა, რომ მასში გათვალისწინებულია საკომიტეტო სხდომაზე ოპოზიციის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, თუმცა გარკვეულ თემებზე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ამნისტიის კანონპროექტში „თანხმობის მექანიზმის" ჩაწერა გააპროტესტა და აღნიშნული ჩანაწერი 19 აპრილის შეთანხმების დარღვევად შეაფასა.
საკითხის განხილვისას, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა: „მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს არ აწერენ, საპარლამენტო უმრავლესობას დოკუმენტის დარღვევაში გვადანაშაულებენ. პროექტში ვერ ნახავთ სიტყვას, რომ პირმა თანხმობა უნდა გამოხატოს - "თანახმა ვარ ამნისტია შემეხოს!". ამნისტია არის პირის უფლება. ჩვენ გთავაზობთ ვინმე კი არ ვაიძულოთ, არამედ არჩევანის უფლება დავუტოვოთ და თუ ამნისტია სურს და ამის წინააღმდეგი არ არის, ამნისტია შეეხოს".