„ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის
შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობის ნათელი გამოხატულება და საქართველოსადმი ლატვიის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია" - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, ლატვია საქართველოს უახლოეს მოკავშირეს წარმოადგენს და საქართველო განსაკუთრებულად აფასებს იმ ერთგულებასა და მეგობრობას, რომელსაც ლატვია და თავად მინისტრი ედგარს რინკევიჩსი წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ იჩენს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღეს, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები მაღალ ნიშნულზეა, ლატვია ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ერთ-ერთი აქტიური და ერთგული პარტნიორია. ზალკალიანის თქმით, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველო ევროკავშირის საერთო ფასეულობების ერთგულია, და მტკიცედ აგრძელებს იმ რეფორმების გზას, რომელიც ქვეყანას 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად მოამზადებს. საქართველოს უახლოეს მიზანი კი, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირთან უფრო მეტი ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციაა, რაც ევროკავშირის ერთიან ბაზარზე საქართველოს მაქსიმალურ წვდომას გულისხმობს. „დარწმუნებულნი ვართ, რომ ლატვიელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ მაქსიმალურს შევძლებთ" - განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით, ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა ასევე უაღრესად აფასებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას. „ლატვია აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და იმ ფაქტს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი დინამიური და შინაარსობრივად დატვირთული, როგორც დღეს" - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ლატვიელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან აფასებს ლატვიის ჩართულობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, რაც ადგილზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მხრივ მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა. მისი თქმით, დღეს, როდესაც საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას, სასურველი შედეგის მისაღწევად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ პარტნიორებისა და სრულიად საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობა და მტკიცე პოზიციაა, რაც ქმნის საფუძველს მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.
დავით ზალკალიანის თქმით, ედგარს რინკევიჩსის ვიზიტი შესანიშნავი შესაძლებლობაა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრის განხილვისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და ლატვიას შორის პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმისა და ხალხთა შორის კავშირების განმტკიცების სფეროში ყოველწლიურად ღრმავდება.
"შევთანხმდით, რომ კვლავაც აქტიურად განვაგრძობთ კომუნიკაციასა და ვიზიტების ურთიერთგაცვლას ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიზნით" განაცხადა ზალკალიანმა.
7-8 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან პირისპირ შეხვედრას გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.