საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, უზრუნველყოს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება და არჩევნებზე უკვე მოწვეულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია.
მთავრობის მეთაურმა, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობას და ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს - „კონფლიქტი საქართველოში", ასევე საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებს.
ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან ტიტუს კორლატეანი - თანამომხსენებელი, რუმინეთის „სოციალისტების ჯგუფი", კლოდ კერნი - თანამომხსენებელი, საფრანგეთის „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის" და ბას კლეინი - ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე.