მიმდინარე წლის 2-4 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, უკრაინის
პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 3 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.
დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.
დენის შმიგალი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.