საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა
ქართლის გუბერნატორები წარადგინა.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოზიციას გიორგი გუგუჩია დაიკავებს. მთავრობის მეთაურის თქმით, გიორგი გუგუჩია პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია და მას სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
„დღეს ჩვენ ორი ცვლილება განვახორციელეთ. შეიცვალა ორი გუბერნატორი და მე წარმოგიდგენთ მათ. კერძოდ, სამეგრელოსა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები გვყავს.
მსურს წარმოგიდგინოთ ბატონი გიორგი გუგუჩია, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი. პროფესიით ის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი.
მას სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროში. ის არის ძალიან გამოცდილი კადრი. არის ზუგდიდიდან. ის ძალიან კარგად იცნობს რეგიონს. მე მჯერა, რომ ის წარმატებული გუბერნატორი იქნება და მე მას ვუსურვებ წარმატებებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება შიდა ქართლს, პრემიერ-მინისტრის თქმით, შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე იქნება. როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვალერიან მჭედლიძე საჯარო სექტორის წარმატებული თანამშრომელია.
„რაც შეეხება შიდა ქართლს, წარმოგიდგენთ ბატონ ვალერიან მჭედლიძეს, რომელიც არის წარმოშობით გორიდან. საჯარო სექტორის ძალიან წარმატებული თანამშრომელი. ბატონი ვალერი ბოლო დროს ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტს. ის ბატონი ლევან დავითაშვილის ძალიან წარმატებული თანამშრომელი იყო, ასე, რომ მე მას ვუსურვებ წარმატებებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.