"ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მსოფლიოს
50-ზე მეტ ქვეყანაში ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბებას" - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ ფორუმზე -„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძლიერი დიასპორული ცენტრების შექმნა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
პრემიერმა ხაზი გაუსვა უცხო ქვეყნებში საპატრიარქოს წარმომადგენლობების როლს და აღნიშნა, რომ ეს წარმომადგენლობები უცხოეთში მცხოვრები ქართველების გამაერთიანებელია.
„ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - როგორც ფორუმის სახელწოდებიდან კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, მკაფიოდ ჩანს - ძლიერი დიასპორული ცენტრების შექმნა მთელ მსოფლიოში. ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მთელს მსოფლიოში, 50-ზე მეტ ქვეყანაში, ძლიერი ცენტრების, ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბებას.
მე აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი ეკლესიის როლი, საპატრიარქოს წარმომადგენლობების როლი უცხო ქვეყნებში, რომლებიც არის უცხოეთში მცხოვრები ქართველების გამაერთიანებელი.
ჩვენ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელეთ ამ პერიოდში. პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, ჩვენს კონსტიტუციაში გავაჩინეთ სპეციალური ჩანაწერი, რომლითაც სახელმწიფო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე იღებს პასუხისმგებლობას. კონსტიტუციიდან ასევე ამოვიღეთ ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვა, რაც იყო შემაფერხებელი ბარიერი ჩვენი დიასპორისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის კერები.
„დღეს კიდევ ერთხელ მინდა, განსაკუთრებული პატივით და დიდი მოწიწებით მივესალმო ჩვენს იმ თანამემამულეებს, რომლებიც სამშობლოდან შორს შრომობენ, მოღვაწეობენ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს ღირსეული დაბრუნების საშუალება მივცეთ, რაც შეიძლება, მოკლე დროში. რა თქმა უნდა, მათ, ვისაც ამის სურვილი აქვს.
ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის კერები. მინდა ასევე სიამაყით მინდა აღვნიშნო ლევილის მამულის დაბრუნებისა და რეაბილიტაციისათვის გაწეული ძალისხმევა ჩვენი მთავრობის მიერ. მოგეხსენებათ, რომ ლევილის მამული საქართველოს მთავრობას 2016 წელს გადმოეცა. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც მოკლე დროში დასრულდება. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვუსურვო ჩვენს დიასპორას მხნეობა, ჯანმრთელობა, გაძლიერება, რომელიც საბოლოო ჯამში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და გაძლიერებას დიდი მადლობა დ გისურვებთ წარმატებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.