საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ოპონენტები არჩევნებში
ვერ გაიმარჯვებენ და მათი გეგმა ჩაშლილია.
„არჩევნებს ვერ მოგართმევთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, არჩევანი კეთდება არა კანდიდატებს შორის, არამედ იმაზე, რომ ერთი მხარე პირდება ხალხს აღმშენებლობას და განვითარებას, ხოლო მეორე - „ინფექციას და კიბოს და ამას ვერ გააკეთებს“.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მის პოლიტიკურ ოპონენტებს წინასაარჩევნოდ ჰქონდათ იმის გეგმა, რომ ციხიდან გამოტანილი კადრებით ქვეყანაში სიტუაცია ამოეყირავებინათ.
„როგორც მინიმუმ, რამდენიმე თვე იცოდნენ რა ხდებოდა, კიდევ უფრო უარესია ალბათ, რომ ამას ახალისებდნენ, ამაში ფულს უხდიდნენ და ამით უნდოდათ საქართველოში ყველაფრის ამოყირავება. არჩევნებამდე 5 დღით ადრე, დაიწყებდა ხალხი მასობრივად გაქცევას, გადადგომების სერია უნდა ყოფილიყო, ამ ყველაფრის კულმინაცია უნდა მომხდარიყო არჩენების დღეს და საქართველო უნდა დაბრუნებულიყო უკუნეთში, მოუსვლელში და რუსეთის ბატონობის ქვეშ, აი ეს არის ამ ყველაფრის უკან. ეს დიდი ხანია მზადდებოდა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთანავე, როგორც იგი აცხადებს, ამ გეგმის თანახმად უნდა მომხდარიყო მთავრობის სრული ან ნაწილობრივ ჩამოშლა, „საზოგადოების დემორალიზაცია, ციხის ბუნტი, ვიღაცეებს აეღოთ იარაღი და არჩევნების შემდეგ თუ მაინც მათთვის სასურველი შედეგი არ დადგებოდა, სხვა რაღაცა განეხორციელებინათ. ახალა თითქმის ბოლომდე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს გეგმა ჩვენ ერთად ჩავშალეთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.

















