"ჩვენი ექიმები, ჩვენი გმირი პოლიციელები, ჩვენი გმირი სამხედროები, მასწავლებლები, ყველა
ვინც ერთგულად და პროფესიულად ემსახურება და აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, საფუძველს უყრის მის უკეთეს ხვალინდელ დღეს. განსაკუთრებულია მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის წინაშე" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერი საზეიმო ღონისძიებაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის უცხოელ მეგობრებსა და პარტნიორებს.
„საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენს უცხოელ მეგობრებსა და პარტნიორებს. მინდა მივესალმო ჩვენი ქვეყნის მეგობრებს პოლონეთის პრეზიდენტს ბატონ ანჯეი დუდას, უკრაინის თავდაცვის მინისტრს ანდრი ტარანს, რომლებიც ჩვენთან ერთად აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. 100 წლის წინ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც მიისწრაფვოდა დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული, ევროპული სახელმწიფოს შექმნისკენ, წითელმა ოკუპაციამ შეაფერხა. მიუხედავად ამისა, ოკუპაციამ უფრო მეტად გააძლიერა ქართველი ერის სურვილი, შეექმნა დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო და გამხდარიყო დასავლური სამყაროს ნაწილი. დიდი ქართველი გენერლის, საქართველოს თავისუფლებისათვის და ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი მთავარი სიმბოლოს, გიორგი კვინიტაძის საქართველოში გადმოსვენება გამოხატავს ჩვენს მისწრაფებას, კიდევ უფრო უკვდავყოთ საქართველოს თავისუფლების იდეა. 30 წლის წინ, ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობისა და წარსულის გააზრებით, საქართველომ დაიწყო თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.