საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
აღსანიშნავია, რომ კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი პირველად განათდება ქართული დროშის ფერებში. ასევე, ქ. ტორონტოში პირველად გაიმართება საქართველოს დროში აღმართვის ცერემონია. 1 ივნისს კი, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში, გუბერნატორის სასახლეში გაიხსნება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ვიქტორიაში არსებული „აფხაზის ბოტანიკური ბაღის" დამაარსებლის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი ქართველი მოღვაწის, კოტე აფხაზის შვილის, ნიკო აფხაზის საგვარეულო ქართული ჩოხა.
ასევე, 25 მაისს ბრაზილიაში ნათდება სან პაულოს შტატის ინდუსტრიათა ფედერაცია,26 მაისს კი ქრისტეს ცნობილი ქანდაკება რიო- დე- ჟანეიროში.
საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერები გამოისახება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობაზე. კერძოდ, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ქ. კანბერაში, ავსტრალიის ეროვნული კარილიონი.
ბელგიაში, 26 მაისის აღსანიშნავად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების - Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება, ხოლო ბულგარეთში ქართული დროშის ფერებით განათდება კულტურის ეროვნული სასახლე, ჩრდილოეთ მაკედონიაში კი - სკოპიეს არქეოლოგიური მუზეუმი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გერმანიაში, გერმანული ვოისის გამარჯვებულის ნათია თოდუას მიერ შესრულდება საქართველოს ჰიმნი, ასევე, ქ, მაინის ფრანკფურტში ზაარბრიუკენის მერიის სამრეკლოს მეშვეობით შესრულდება ქართული პოპულარული სიმღერა აკაკი წერეთელის ლექსზე, „სულიკო". შესრულების პარალელურად გაშვებული იქნება საჰაერო ბუშტები საქართველოს დროშის ფერებში.
ესტონეთში, ტალინის ცენტრში მდებარე ბიზნეს ცენტრი განათდება საქართველოს დროშის ფერებში და ტალინის ძველ ქალაქთან მდებარე თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე საქართველოს დროშა გამოისახება.
თურქეთში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ანკარის მთავარი სიმბოლო - „ათაქულეს კოშკი", ამასთან განათების ქვეშ, მორბენალი სტრიქონის სახით გაშვებული იქნება მილოცვა თურქულ და ინგლისურ ენებზე.
ასევე, კვიპროსის დედაქალაქში, ნიქოსიაში, საქართველოს დროშის ფერებით განათდება Eleftheria square-ი და ქალაქის მერიის შენობა.
26 მაისს, დიდ ბრიტანეთში, ქ. ბრისტოლის მერიასთან ბრისტოლის ლორდ-მერის მიერ აღიმართება საქართველოს დროშა.
ამასთან,პირველად,საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, 26 მაისს,ათენის ომონიის მოედნის შადრევანი საქართველოს დროშის ფერებში განათდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ირლანდიაში ქართული დროშის ფერებში განათდება ლორდ - მერის შენობა და დუბლინის მთავარ ქუჩებში გამოიფინება საქართველოს დროშები.
იერუსალიმში,იერუსალიმის კედლები ასევე განათდება საქართველოს დროშის ფერებით.
ასევე, 26 მაისის აღსანიშნავად, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვის ცენტრალური ხიდები, ასევე ქ. კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა" და შადრევანი, ქ.ვილნიუსის ცენტრალურ მოედანზე კი გაიშლება საქართველოს გიგანტური დროშა და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
ასევე, კატარში, დოჰაში, ცენტრალურ ადგილას მდებარე ისტორიული შენობა განათდება საქართველოს დროშის ფერებით, რაც პირველი შემთხვევაა რეგიონში.
26 მაისს, ნიდერლანდებში, ქართველი მუსიკოსების მიერ, ჰააგის ცენტრში შესრულდება მუსიკალური ნომერი, ხოლო ჰააგის წმ.იაკობის სახელობის უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ასევე, საქართველოს საელჩო განათდება ქართული დროშის ფერებში; საქართველოს დროშის ფერებში განათდება სლოვენიაში საქართველოს საელჩოც.
პოლონეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ.ვროცლავის სტადიონი განათდება საქართველოს დროშის ფერებში.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, უნგრეთში, ბუდაპეშტში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი განათება ქართული დროშის ფერებში, ხოლო უნგრული ბენდი „Vardis Kucha" საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართას კონცერტს.
უკრაინაში, კიევსა და ქ.ოდესაში საქართველოს დროშის ფერებით განათდება მერიის შენობები, ასევე, ოდესაში სარეკლამო ბილბორდებზე საქართველოს დროშა გამოისახება.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, შვეიცარიაში, კანტონ გრაუბიუნდენში გაიმართება საზეიმო კონცერტი ქართველ და შვეიცარიელ მევიოლინეთა ერთობლივი ორკესტრის მონაწილეობით.
ჩეხეთში, საქართველოს ეროვნული დღის აღსანიშნავად, 5-30 მაისის პერიოდში იმართება გამოფენა „ქართული სამოსი", სადაც წარმოდგენილია ლადო გუდიაშვილის ესკიზების ასლები, ასევე 26 მაისის აღსანიშნავად, გავრცელდება ჩეხური გუნდის „ ჰაერი" მიერ შესრულებული ქართული ფოლკლორული სიმღერა.
უზბეკეთში, 26 მაისთან დაკავშირებით, ქ. ტაშკენტის ცენტრალურ მოედანზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო ასევე განათება საქართველოს დროშის ფერებში. ხოლო, შენობის ფასადზე გაშვებული იქნება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეო.
ამასთან,25 მაისს, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა ქ. ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი.