საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ციხეებში პატიმრების წამება და მათზე სექსუალური ძალადობის
ფაქტები აშშ-სა და ევროპაში ბევრად უფრო ხშირად ხდება, ვიდრე საქართველოში.
პრეზიდენტი კმაყოფილია იმ რეაქციით, რაც ხელისუფლებამ ამ ვიდეო მასალების გამოაშკარავებას მოაყოლა.
„ბევრ ქვეყანაში ეს უბედურება ხდება. აშშ-ში ჩვენზე ბევრად ხშირად მომხდარა ბოლო წლებში. ევროპაში ყველგან ხდება და ხალხს იჭერენ, ისევე როგორც ჩვენ დავიჭირეთ, ოღონდ ორი მინისტრი არსად არასოდეს არ გადამდგარა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ალაბამას ციხეში 15 წელი აუპატიურებდნენ ქალებს და ბოლოს დაიჭირეს ციხის თანამშრომლები, მაგრამ მინისტრები არავის გადაუყენებია.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო ათჯერ უფრო მგრძნობიარეა მსგავს ინციდენტებზე, ვიდრე სხვა ქვეყნის მოსახლეობა, იმიტომ, რომ საქართველოში ძალადობა ცხოვრების ნაწილი იყო და სწორედ ამიტომ, ამ ფაქტებს ასეთი მწვავე რეაქცია მოჰყვა.
პრეზიდენტის განცხადებით, ის, რაც დაფიქსირდა გლდანის ციხის კარანტინში, საქართველოში რამდენიმე წლის წინ ქუჩებშიც ხდებოდა.

















