„ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედავდით, როგორ ხდებოდა მთავარი დემოკრატიული
ინსტიტუტის - პარლამენტის ხელყოფა და მასზე იერიშის მიტანა. ჩემთვის „ჰიბრიდული" საფრთხე ეს არის",- განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, იმას, რასაც ოპოზიცია აკეთებდა აქამდე, კარგად იყენებდა და მომავალშიც გამოიყენებს ოკუპანტი სახელმწიფო - რუსეთის ფედერაცია.
„აქ, ასევე, საუბარი იყო პარალელურ სამყაროზე. დიახ, ნამდვილად არის პარალელური სამყარო ის, როდესაც ადამიანები ყველაფერს პრობლემად წარმოაჩენენ და ამბობენ, რომ ყველაფერი ცუდადაა და არაფერი გვეშველება. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს წარმოდგენა, რომ ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტურად ყველაფერი კარგად არის და მიღწეული გვაქვს ისეთ სიმაღლეებს, როცა შეგვიძლია გულხელდაკრეფილი ვისხდეთ. თქვენი თანამონაწილეობა აუცილებელია იმაში, რომ ძალიან მტკივნეული რეფორმები ერთად განვახორციელოთ, ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მოვახდინოთ", -მიმართა ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციას.
დეპუტატმა, ასევე, უპასუხა საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.
„ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი საგანგებო მდგომარეობა. ეს არის ექსტრაორდინალური საგანგებო მდგომარეობა, რომლის წინაშეც დგას მთელი მსოფლიო და სახელმწიფოს უწევდა გადაწყვეტილებების მიღება, რომ სწრაფად დაეკმაყოფილებინა ის სამედიცინო მოთხოვნები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნდა და რომელიც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანას შენარჩუნებოდა შესაძლებლობა, გაეგრძელებინა ეკონომიკური განვითარება და, პირველ რიგში, დაეცვა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ნუ ვისპეკულირებთ ფაქტებით, ნუ ვიჟონგლიორებთ და ერთმანეთს შევეჯიბროთ შინაარსობრივ დებატებში, ვის გვაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა და კვალიფიკაცია, ეს ქვეყანა გავხადოთ ევროკავშირის წევრი"- განაცხადა ოპოზიციის მისამართით ირაკლი ჩიქოვანმა.