კოალიცია „ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მესტიაში დაძაბული ვითარებაა.
როგორც მან დღეს გამართული პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვითარების დაძაბვა „ქართული ოცნების“ მესტიის შტაბის ერთ-ერთი ხემძღვანელის კახა ჟორჟოლიანის დაკავებამ გამოიწვია.
სუბარის განმარტებით, იგი ცესკო-ს წარმომადგენელ არჩილ სოფრომაძისთვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს, ხოლო როდესაც მესტიის სასამართლოდან ზუგდიდში გადასაყვანად გაჰყავდათ, ჟორჟოლიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გზა გადაკეტეს.
სუბარის განცხადებით, ხელისუფლებამ ამის შემდეგ საქმეში საჯარისო დანაყოფები ჩართო.
„მას შემდეგ, რაც დავრეკეთ უწყებათაშორის კომისიაში და ამ ფაქტის შესახებ ვაცნობეთ, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ჯარი გაეყვანა, მათ მანქანებზე საჯარისო ნომრების მოხსნა დაიწყეს, რომ თითქოს ეს არა ჯარის, არამედ სასაზღვრო პოლიციის მანქანები იყო“ - აღნიშნა სუბარმა და დასძინა, რომ ამ დროისთვის, სოფელ ხაიშში მობილიზებულია სპეცრაზმიც.
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ მესტიაში ჯარის შეყვანის მიზეზი იქ სპეცუბნების განთავსებაა.
„მიზანი არის ის, რომ მესტიაში შექმნან სპეცუბნები და ჯარისკაცებს არჩევნებზე ხმა სპეცუბნებში მიაცემინონ. თუმცა, ეს იმდენად მარტივი გასაშიფრია, ამას ცესკოც კი ვერ დათანხმდება“- განაცხადა სუბარმა.
კახა ჟორჟოლიანი მესტიაში გუშინ დააკავეს.

















