დავით ზალკალიანმა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა
უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო მეგობრობის, სტრატეგიული პარტნიორობის და იმ საერთო მისწრაფებების გამო, რაც უკავშირდება ორი ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ამ მხრივ კმაყოფილება გამოითქვა სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, მიერ ქ. კიევში ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმის გამო, რომელიც მხარეთა მოსაზრებით ხელს შეუწყობს სამი ასოცირებული ქვეყნის მეტ ეკონომიკურ და სექტორალურ დაახლოებას ევროკავშირთან და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას. მხარეები ასევე მიესალმნენ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ორი ქვეყნის კოორდინირებულ თანამშრომლობას, მათ შორის ალიანსის მოახლოებული სამიტის კონტექსტში.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საერთო გამოწვევას, რაც უკავშირდება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და გამოხატეს ურთიერთმხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ოკუპაციის და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების, გათვალისწინებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიზნით კოორდინირებული ქმედებების აუცილებლობას. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართა მხარდაჭერა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინის აქტიურ თანამშრომლობაზე შავი ზღვის სატრანსპორტო პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობაზე, ისევე როგორც მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.
ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოხატა მზაობა ეწვიოს საქართველოს და ქ.კიევში უმასპინძლოს საქართველოს პრეზიდენტს.
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი: მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია კიევში და მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მეგობრის, დმიტროსი, რომ დამპატიჟეთ.
დღეს კარგი დღეა, რადგან ჩვენ მოვაწერეთ ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ეს კი სამომავლოდ ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით კარგი საწყისი წერტილია. ჩვენ საერთო გამოწვევები და საერთო მიზნები გაგვაჩნია. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ ერთად ამ დინამიკურად ცვალებად გარემოში, რომელშიც ჩვენთვის ცალ-ცალკე რთული იქნება გამოწვევებთან გამკლავება, სოლიდარული მიდგომისა და ჩვენი საერთაშორისო, სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის გარეშე.
თქვენი მადლობელი ვარ ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, რაც ასევე ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოიხატება. ნება მომეცით, გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრისაგან. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა გააქტიურებულია და ხორციელდება არაერთი ვიზიტი კიევიდან თბილისში და პირიქით. ამრიგად ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ ნიშნულზე ადის. პრეზიდენტმა ასევე დამაბარა, რომ ის მზად არის, უახლოეს მომავალში ჩამოვიდეს თქვენთან კიევში ოფიციალური ვიზიტით, რასაც აქამდე ხელს კოვიდ პანდემია უშლიდა და, რაღა თქმა უნდა, ჩვენ გელით საქართველოში. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი იმ იდეის კუთხით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გააჟღერა, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და ევროინტეგრაციის საკითხებს ეთმობა. ის ასევე ასოცირებული ტრიოს ლიდერებს უმასპინძლებს. ეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განსამტკიცებლად მშვენიერი შესაძლებლობა იქნება, რათა შევძლოთ ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევა - ევროკავშირში გაწევრიანება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, ბატონო ვიცე-პრემიერ მინისტრო, ნამდვილად მოხარულები ვართ მივიღოთ ასეთი ძვირფასი სტუმრები. უკრაინა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საქართველო უჭერდა მხარს უკრაინას. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს, ვართ ახლო მეგობრებო, გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩაბარდება წარსულს. გვქონდა საუბარი აპრილის თვეში საქართველოს პრეზიდენტთან, იმედი მქონდა, რომ ჩამოვიდოდა ვიზიტით, გარკვეული მიზეზებით ეს ვიზიტი ვერ შედგა, იმედი მაქვს რომ უახლოეს მომავალში გვესტუმრება ქალბატონი პრეზიდენტი უკრაინაში.