ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) მიმდინარე სტრუქტურული განახლებების შემდგომი ეტაპი
კვლავ დეზინფორმაციისა და უსაფუძვლო ბრალდებების საგანი გახდა - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მედიასაშუალებებში გავრცელდა დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიის მიერ ასევე, დისკრედიტაციულად შეფასდა. გაჟღერდა არაერთი სიცრუე, მაგ.: თითქოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადავიდა შიდა აუდიტის მიმართულება, თითქოს პროფესიონალებს უშვებენ ცესკოდან და ა.შ., მაშინ, როდესაც შიდა აუდიტის მიმართულება რეალურად გაერთიანდა იურიდიულ დეპარტამენტთან და მაშინ, როდესაც არ იგეგმება არცერთი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება საკმაოდ მარტივია, თუმცა, ცხადია, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ხორციელდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რისი მიზანიც არის არასწორი აღქმების ჩამოყალიბება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
ამასთანავე, გვსურს კონკრეტულად გამოვეხმაუროთ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ არასწორ განცხადებას რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მეორე რეორგანიზაციისას მოხდა ახლად შექმნილი დეპარტამენტების კვლავ რეფორმირება. აღვნიშნავთ, რომ მარტის თვეში განხორციელებული რეორგანიზაციის თანახმად, შეიქმნა ცესკოს მდივნის აპარატი, რომელსაც მიმდინარე, ახალ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ შეხებია. ასევე, აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში ცვლილება არ შეხებია იურიდიულ, შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტებს, მაშინ, როდესაც მაისის თვეში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში გაიყო შიდა აუდიტის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი, საიდანაც შიდა აუდიტის ფუნქცია გადავიდა იურიდიულ დეპარტამენტში, ხოლო შრომის უსაფრთხოების ფუნქცია - ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.
გაუგებარია და პროცესის შესახებ ცოდნის ნაკლებობაზე მიუთითებს კრიტიკა იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპისთვის ნათელი არ არის კონკრეტული ფუნქციები, რომლებიც განისაზღვრება იმ პოზიციებისთვის, რომლებიც უხელმძღვანელებენ საარჩევნო პროცესების შესაბამის მიმართულებებს. რეორგანიზაციის მიმდინარეობისას შესაბამის ვადებში უნდა მოხდეს სტრუქტურული ერთეულების დებულებების ცვლილებების და სამუშაო აღწერილობების მომზადება, რაც ამ პროცესის თანმდევი პროცედურაა და განსაზღვრულია შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. ამასთან, არ გაჩენილა ახალი მიმართულებები, მხოლოდ არსებული მიმართულებისთვის განხორციელდა სახელისა და პოზიციის განსაზღვრა და რეალურად მოხელე თავისი არსებული ფუნქციებით მოახდენს სამუშაოს განხორციელებას.
ყოველგვარ ლოგიკას და აზრს მოკლებულია კრიტიკა იმის თაობაზე, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, ეტაპობრივად მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი ნაჩქარევად ხდება. აღნიშნული რეორგანიზაცია არ ყოფილა პირველი და ვერც იქნება ბოლო, ვინაიდან ყოველთვის სხვადასხვა ვითარებასა და დროში არსებობს ახალი გამოწვევები, საჭიროებები, საკანონმდებლო ცვლილებები, რეფორმები თუ სხვა გარემოებები, რომელსაც სჭირდება ორგანიზაციის მხრიდან სათანადო სტრუქტურული მოწყობა და ადამიანური რესურსის ისეთი გადანაწილება, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულების ამოცანების შესრულებას. ნებისმიერ პერიოდში ნებისმიერი კომისიის პირობებში შესაძლებელია სტრუქტურული განახლებების განხორციელება საჭიროებებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ ზღუდავს და არ ადგენს ლიმიტებს რეორგანიზაციის ჩატარებისთვის.
ამასთან, აბსოლუტურად მიუღებელია ლეგიტიმაციის საკითხის წამოწევა განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობს კანონმდებლობის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებებს მათ შორის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც, ატარებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსამზადებელ ღონისძიებებს, საგანმანათლებლო თუ სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს. შესაბამისად, მხოლოდ აღქმებზე დაფუძნებული, სამართლებრივ არსს მოკლებული ასეთი შეფასებები, თავად არის დამაზიანებელი მთლიანად საარჩევნო პროცესის ეფექტიანობისთვის.
რაც შეეხება მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების ახალ ეტაპს - სწორედ ამ განახლებების საფუძველზე საარჩევნო ადმინისტრაციაში კიდევ უფრო რაციონალურად მოხდება ადამიანური რესურსების განაწილება, რაც მეტნაკლებად დაბალანსებული ფუნქციური დატვირთვის შედეგად განხორციელდება.
ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად, ცესკოს მიზნებისა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე წლის აპრილში ცესკოს აპარატში განხორციელდა ფუნქციური ანალიზი. ამ პროცესის ეფექტურად განხორციელებისათვის კი ცესკოს თითოეული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ განსაზღვრული პირებისგან (თანამშრომლებისგან) დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის მუშაობის პროცესში კონკრეტული თანამშრომელი წარმოადგენდა მისი წარმდგენი სტრუქტურული ერთეულის ინტერესებს. ჯგუფის შეხვედრები თანამშრომელთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. სამუშაო ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებული საკითხების განხილვა მოგვიანებით სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების დონეზე სამუშაო შეხვედრების ფორმატში წარიმართა.
ფუნქციური ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საჭიროა ცესკოს აპარატში ფუნქციების ახლებურად გადანაწილება, შიდა კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება, ადამიანური რესურსის უფრო რაციონალურად გამოყენება. აღნიშნულიდან გამომდინარე გამოიკვეთა ცალკეული სტრუქტურული ერთეულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლის მიზანშეწონილობაც. ზემოაღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობათ როგორც თანამშრომლებს, ისე საჯარო სამსახურის ბიუროს.
მიმდინარე სტრუქტურული განახლებით ორგანიზაცია განვითარების ახალ ეტაპზე არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს პასუხობს. საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნული ქმედებებითა და გადაწყვეტილებებით მიზნად ისახავს გაზარდოს ინსტიტუციის ეფექტურობა და პროდუქტიულობა და შესაბამისად გაუმკლავდეს სისტემურ ორგანიზაციულ გამოწვევებსაც“ - ნათქვამია განცხადებაში.