საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე კონრეტულ მედიასაშუალებებს
სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.
შოთაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მსურს გამოვეხმაურო ზოგიერთ მასმედიის საშუალებებში გასულ განზრახ დამახინჯებულ ინფორმაციას ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არცერთ ამ მედიასაშუალებას დამახინჯებული ფაქტის ანონსში გასვლამდე არ ჰქონია მცდელობა დამკავშირებოდა მე ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და სიუჟეტში გასული ინფორმაციის რეალობა გადაემოწმებინა, მხოლოდ გადაცემის ეთერში გასვლამდე ცოტა ხნით ადრე დაუკავშირდნენ პროკურატურის პრესსამსახურს, რაც ცალსახად უსვამს ხაზს მათ არაობიექტურობას, ინფორმაციის ცალმხრივად და სუბიექტურად გაშუქების მოტივაციას, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თანამდებობის პირის დეკლარაციაში, რომელიც საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომია, საკმაოდ დეტალურად და გასაგებად მაქვს აღწერილი ინფორმაცია ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების თაობაზე, მასმედიის საშუალებებმა მაინც განზრახ დამახინჯებულად გაავრცელეს ინფორმაცია, რაც მიზანმიმართული ორკესტრირებული ცილისმწამებლური პიარკამპანიის კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა.
რაც შეეხება უძრავ ქონებას, კერძოდ საცხოვრებელ ბინას ცაგარელის ქუჩაზე. სიუჟეტში გავიდა, რომ თითქოს ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ჩემი საცხოვრებელი ბინის რემონტში დახარჯული მაქვს მილიონი ლარი, ამ შემთხვევაში სიუჟეტში გასული ინფორმაციის ციტირებას მოვახდენ - " 100 ათასი ლარზე მეტი მხოლოდ სამზარეულოში, შპალერი სპეციალური შეკვეთით ევროპიდან, ექსკლუზიური სარემონტო მასალები გენერალური პროკურორის რეზიდენციისთვის, საიდან მოიტანა მილიონი ლარი ევრორემონტისთვის". ამავე სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაციის დასადასტურებლად აჩვენეს ჩემთვის უცნობი საცხოვრებელი სახლის და არა ჩემი ბინის ინტერიერის სურათები (აქვე მივუთითებ ბმულს იმ ვებგვერდისა, საიდანაც აღებულია ეს სურათები http://interierisdizaini.ge/2019/07/20/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94/). როდესაც გაჟღერებული ინფორმაციის გადამოწმება საკმაოდ მარტივია, სიუჟეტის ავტორს, არც კი უცდია რაიმეს გადამოწმება და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ამტკიცებს, რომ ინტერნეტსივრცეში არსებული ბინის ინტერიერის სურათები არის ჩემი ბინის სურათები. საცხოვრებელი ბინა ცაგარელის ქუჩაზე, სადაც მე დღესაც ვცხოვრობ, შევიძინე 2016 წელს, იმავე წელს დავიწყე რემონტი და დავამთავრე 2017 წელს, რემონტის დროს არანაირი ექსკლუზიური მასალა ევროპიდან არ ჩამომიტანია, ყველაფერი შეძენილი მაქვს ადგილობრივ ბაზარზე და რემონტის ღირებულება მითითებული მაქვს დეკლარაციაში.
ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ დაგვიკავშირდა ამ ბინის რეალური მესაკუთრე და აღმოჩნდა, რომ არსებული ბინა მდებარეობს ცაგარელის ქუჩაზე სულ სხვა მისამართზე, როცა ჩემი რეალური საცხოვრებელი ბინა მდებარეობს ცაგარელის 82 ნომერში. მოვუწოდებ ხსენებული სიუჟეტის ავტორებს ან წარმოადგინონ მათ ეთერში გასული ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ან გამოიჩინონ თუნდაც მცირედი ჟურნალისტიკური ეთიკა და უარყონ მათ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია.
რაც შეეხება მიწის ნაკვეთს სოფელ წავკისში, აღნიშნულ შენაძენზეც ჩემს დეკლარაციაში მაქვს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მითითებული, საიდანაც ძალიან ნათლად ჩანს, რომ ნაკვეთი შეძენილი მაქვს ძირითადად ბანკიდან აღებული იპოთეკური კრედიტით და შეძენილი მაქვს მთლიანი ნაკვეთის მხოლოდ 35 პროცენტი, კერძოდ 1305 კვ.მ, რომელშიც გადავიხადე 123 100 აშშ დოლარი. ნაკვეთის 65 პროცენტს ჰყავს სხვა მესაკუთრე, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ნათლად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია საკმაოდ ცხადად ჩანს, როგორც ჩემი დეკლარაციიდან, ისე საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, სიუჟეტის ავტორები მაინც რამოდენიმეჯერ იმეორებენ თითქოსდა ეს ნაკვეთი, სრულად მე მაქვს შეძენილი და თვითღირებულებაც სრულად მე მაქვს გადახდილი, რაც ხაზს უსვამს ამ სიუჟეტის სუბიექტურობას და სიყალბეს. ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ეს ნაკვეთები შეძენისთანავე არ გაიმიჯნა და დღევანდელი მდგომარეობითაც არ არის გაყოფილი, არის ის, რომ აღნიშნულ ნაკვეთზე არსებობს ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმა, შესაბამისად ახლა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული პროცედურები ამ გეგმის ცვლილებაზე, რის შემდგომაც უახლოეს მომავალში მოხდება ამ ნაკვეთების გამიჯვნა და არსებული რეალობის ასახვა საჯარო რეესტრში. ასევე, იმ კითხვის დასმა, საიდან შევიძინე ეს ნაკვეთი, არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება ამ სიუჟეტის სუბიექტურობისა, ვინაიდან ჩემი საჯარო დეკლარაციიდან ძალიან ცხადად ჩანს რა წყაროებით მაქვს შეძენილი ნაკვეთი და ეს წყარო ძირითადად არის ბანკის მრავალწლიანი იპოთეკური კრედიტი, ხოლო შედარებით მცირე ნაწილი გადახდილი მაქვს პირადი დანაზოგით, რაც ასევე ცხადად მაქვს ნაჩვენები დეკლარაციაში. რაც შეეხება სიუჟეტის ავტორის კიდევ ერთ აბსურდულ მოსაზრებას, რომ ვინაიდან ეს ნაკვეთი არ არის იპოთეკით დატვირთული, შესაბამისად ეს ბანკის ხელშეკრულება არის ფიქცია, განვმარტავ, რომ იპოთეკით კრედიტის სანაცვლოდ დაიტვირთა ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა ცაგარელზე, რაც ასევე მარტივად გადასამოწმებელი იყო საჯარო რეესტრის მონაცემებით, თუმცა როგორც არაერთხელ აღვნიშნე, სიუჟეტის ავტორების მიზანი არ ყოფილა სიმართლის გარკვევა, არამედ მხოლოდ ყალბი ინფორმაციის გავრცელება ჩემი დისკრედიტაციის მიზნით.
ამდენად, ვიმედოვნებ ამ სიუჟეტების შემქმნელები ამ ეტაპზე მაინც იხელმძღვანელებენ მინიმალური ჟურნალისტური სტანდარტებით და ეთიკური ნომრებით, წარმოადგენენ საჯაროდ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, თუ არა და უარყოფენ მათ მიერ გავრცელებულ, ყალბ ინფორმაციას"- ნათქვამია განცხადებაში.