„ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან ამბიციური გეგმა 2024 წლისთვის, რომელიც მოგვცემს იმის
საფუძველს და საშუალებას, რომ განაცხადი შევიტანოთ და მოვემზადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროპის კვირეულის" დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.
კახა კუჭავამ სტუდენტებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სახელით, თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.
პარლამენტის თავმჯდომარე ახალგაზრდებს საქართველოს საგარეო კურსსა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა. კახა კუჭავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და საქართველო ამ კურსის ერთგული რჩება, რაც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, ქვეყნის მთავარ კანონშიც აისახა.
„მნიშვნელოვანია ის ქმედებები, რომლებსაც ვახორციელებთ და ის შედეგები, რომელსაც ევროინტეგრაციის გზაზე ვაღწევთ. ასოცირების შეთანხმება იყო უმნიშვნელოვანესი ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი დაუდო იმ ვალდებულებების აღებას, რომლის შესრულების შემდეგაც, საშუალება მოგვეცემოდა გვეთქვა, რომ შეიძლება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ გავაკეთეთ ოფიციალური განცხადება, რომ 2024 წელს ვიქნებით მზად, შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის სრულ წევრობაზე. ეს ძალიან ახლოს არის. მივიღეთ ძალიან პოზიტიური შეფასებები ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც პოზიტიურად უყურებენ ამ პროცესს, პირველ რიგში, იმ განვლილი გზის გამო, რომელიც არა მხოლოდ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, არამედ საქართველოს პარლამენტმა და ყველა იმ ინსტიტუტებმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ, ნამდვილად ღირსეულად გავიარეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან ამბიციური გეგმა 2024 წლისთვის, რომელიც მოგვცემს იმის საფუძველს და საშუალებას, რომ ჩვენ ეს განაცხადი შევიტანოთ და მოვემზადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის",- მიმართა კახა კუჭავამ სტუდენტებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში, ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის იმპლემენტაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, განვლილი პროცესის შედეგად, ქვეყანამ დიდი გამოცდილება მიიღო და საქართველო, სხვადასხვა მიმართულებით გაზიარების კუთხით, მეგობარი ქვეყნებისთვის სამაგალითოა.
„ჩვენ ვართ სამაგალითო ქვეყანა ბევრისთვის რეფორმების და მიღწეული შედეგების ნაწილში, თუმცა, ეს იყო ბოლო შტრიხიც, რომლითაც კარგად ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია, სირთულეები გადავლახოთ და ამ პროცესიდან ღირსეულად, კიდევ უფრო გამარჯვებულები გამოვიდეთ. მნიშვნელოვანია, როდესაც პარლამენტში ვხედავთ უკვე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, იმედია, მალე ვიხილავთ ყველას. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პარლამენტისთვის, არამედ, მთლიანად, ქვეყნისთვის, რომ ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი და კონსტრუქციულად, დებატების პარლამენტში წარმოებით მივიდეთ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ყველას ჩართულობით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კახა კუჭავას თქმით, ის გამოცდილება, რომელსაც ახალგაზრდები ბრიუსელში მიიღებენ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პარლამენტისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სტუდენტები აქტიურად იქნებიან ჩართულები ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.
„მინდა, იცოდეთ, რომ საქართველოს პარლამენტი არის ადგილი, სადაც თქვენნაირი ადამიანებისთვის მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყოფილი შესაძლებლობები, დრო და თქვენი ჩართულობით კიდევ უფრო მაღალი და საინტერესო შედეგები დავდოთ",- მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს.