ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ყველა შვებით ამოვისუნთქავთ და შევხვდებით ახალ რეალობას ჩვენს ქვეყანაში - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატმა ზუგდიდში ირაკლი ალასანიამ აქციაზე განაცხადა.
ალასანიას თქმით, მომავალი რეალობა იმ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელსაც სრულიად საქართველო რამდენიმე დღის შემდეგ მიიღებს.
„ეს დამოკიდებული იქნება იმ არჩევანზე, რომელიც ჩვენ 1 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ“-აღნიშნა მან.
მისივე თქმით, არჩევნებზე გადაწყდება, საქართველო „წამების და უსამართლობის პირობებში“ დარჩება, თუ ხელისუფლებაში მოვა პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას გამთლიანებისკენ წაიყვანს.
„სწორედ სამეგრელოს, ზუგდიდს აქვს შესაძლებლობა გააერთიანოს ქვეყანა და გადოს ხიდი ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენისკენ“-აღნიშნა მან.
ალასანიამ ზუგდიდში მის გადასვლაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამით ის თავის ფესვებს დაუბრუნდა და მომავალშიც ივანიშვილის გვერდით დგომას სწორედ მშობლიური მხარიდან აპირებს.
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, „სააკაშვილისგან დავიწყებული ზუგდიდი“ სულ მალე ფეხზე დადგება.
მაჟორიტარობის კანდიდატმა უკანასკნელ დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გავრცელებულმა კადრებმა მთელი საქართველო შეურაცხყო.
„დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ გამარჯვებას, ერთსულოვნებას და გაერთიანებას ვერ მივაღწევთ, თუკი ჯერ სამართლიანობა არ აღვადგინეთ. ამიტომაც მოვითხოვთ, უკლებლივ ყველა, ვინც ამ საშინელი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი, დაწყებული ქვეყნის პირველი პირით და დამთავრებული რიგითი საჯარო მოხელით, უნდა მიეცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში“-აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, ის საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის - ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგას.
ალასანიამ თავის გამოსვლა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიტყვებით დაასრულა, რომელიც მან არჩევნების წინ წარმოთქვა - „ჩვენ ისე დავამარცხებთ მოწინააღმდეგეს, რომ მათთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“.

















