საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სხვადასხვა ქმედებებით
არჩევნების ჩაშლას ცდილობს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, არჩევნებამდე ყველამ კეთილგონიერება უნდა მოიკრიბოს და თავი შეიკავოს. არჩევნების შემდეგ კი, სამართლიანი ძალით დამნაშავეებს პასუხი აგებინონ.
მისი თქმით, ის, რაც საზოგადოებამ ვიდეოკადრებით ნახა, ხელისუფლების უმძიმესი, ურიცხვი დანაშაულების მხოლოდ მცირე ნაწილია.
„თქვენ მაინც ხომ იცით აქ, სამეგრელოში რამდენი დანაშული აქვთ ჩადენილი. ამათი ხელისუფლების რომელი წევრი არაა გასვრილი უბინძურეს დანაშაულში. ისინი თავისი ხელით თუ არ აწამებდნენ უსუსურ ადამიანებს, სამაგიეროდ, ყველა არჩევნებს ყველანაირი ხერხით აყალბებდნენ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება წლების განმავლობაში ასეთ სისტემას შეგნებულად აშენებდა, რადგან მათთვის კეთილდღეობის მოტანა მხოლოდ დაუნდობელ ძალადობას შეეძლო.
ივანიშვილის განცხადებით, ის, რაც საზოგადოებამ იხილა, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია.
„მთელი სამეგრელო და მთელი საქართველო უსამართლობის ტყვეობაშია. დაგითვლიათ რამდენი პატიმარია ციხეებსა და კოლონიებში გარდაცვლილი სასტიკი მოპყრობის ან დაუნდობელი გულგრილობის გამო? ჩვენ მოვალთ და ამ ყველაფერს შევწყვეტთ, სამართლიანობას აღვადგენთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სამართლიან სასამართლოს შექმნის.

















