საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ბუნდესტაგის დეპუტატს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკურ მდივანს, როდრიხ კიზევეტერს შეხვდნენ.
საუბარი შეეხო საქართველოს განსაკუთრებულ როლს ნატოს მისიაში ავღანეთში. როდრიხ კიზევეტერის თქმით, ქართული თავდაცვის დანაყოფები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, რის გამოც ბუნდესტაგის დეპუტატმა ქართველ ხალხსა და განსაკუთრებით, ქართულ ჯარს მადლობა გადაუხადა.
როდრიხ კიზევეტერმა აღნიშნა, რომ ქართული ჯარის პროფესიონალიზმი არის კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი, რატომ უნდა გახდეს საქართველო ნატოს წევრი.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მაღალ დონეზეა, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.
„ვისაუბრეთ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე. რიდრიხ კიზევეტერმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირისგან დამატებითი ძალისხმევაა საჭირო, რათა საქართველოს მეტი ინსტრუმენტი ჰქონდეს ამ გზაზე.
გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ამბიციურ გეგმას, რომ განახორციელოს ევროპული რეფორმები და ევროკავშირს სრულფასოვანი წევრი გახდეს ",-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.